შენიშვნები და წინადადებები საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით
2016 წლის 26 იანვარს ბაფის გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ბაფში მომზადდა შენიშვნები და წინადადებები საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით და წერილობით დაეგზავნათ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და შესაბამის კომიტეტებს, საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ საბჭოს, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ეროვნულ ბანკს, ფინანსთა სამინისტროს უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს, მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების რეფორმების ცენტრს; მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობას
კომენტარები და შენიშვნები „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე
საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფი) ჩამოყალიბების დღიდან ჩართულია კერძო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროს სრულყოფაში. მოქმედი კანონმდებლობით ბაფი არის აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროფესიის რეგულირებაში.
ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დროებითი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ხელმისაწვდომობის დღიდან აქტიურად ჩავერთეთ განხილვებში და გამოვხატეთ ჩვენი მოსაზრებები, კანონის ცალკეულ მუხლებთან მიმართებით. ჩვენი შენიშვნები და წინადადებები ორჯერ (21.08.15 და 13.11.15) წერილობით გაეგზავნა სამუშაო ჯგუფს, თუმცა მათი გათვალისწინება დღემდე არ მომხდარა.
ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ კანონის პროექტის ფუნდამეტურ იდეას - ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა შესაბამისობაში მოვიყვანოთ ევროდირექტივების მოთხოვნებთან. ამასთან ერთად, ბაფს გარკვეული შენიშვნები გააჩნია კანონის პროექტთან დაკავშირებით და აუცილებლად მიიჩნევს მათ გათვალისწინებას, კერძოდ:
- საჯარო საზედამხედველო საბჭო/სააგენტო
ჩვენ ცალსახად ვეთანხმებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებას, თუმცა ხაზი გვინდა გავუსვათ შემდეგ გარემოებებს:
ა) ფუნქციები, რომლებიც სააგენტომ უნდა შეასრულოს, ამჟამად ბაფის მიერ ხორციელდება და გამოცდილება გვკარნახობს, რომ სააგენტოს მიერ ამ ფუნქციების განხორციელების დაწყება შეუძლებელი იქნება კანონის მიღებიდან უახლოეს 1 წელიწადში. ეს პერიოდი საჭირო იქნება სააგენტოს საბჭოს წევრებისა და სპეციალისტების დასაკომპლექტებლად, იმ ნორმატიული აქტების მოსამზადებლად, რომლებიც კანონის პროექტშია მინიშნებული და აუცილებელია სააგენტოს ფუნქციების შესასრულებლად;
ბ) თუ წარმოდგენილი კანონის პროექტში ცვლილებები არ იქნება გათვალისწინებული, შეუძლებელი გახდება სააგენტოს ამოქმედება. ვგულისხმობთ იმას, რომ სააგენტოს ფუნქციები არაა საკმარისად დეტალიზებული და შესაბამის მუხლში გათვალისწინებული არ არის კანონის სხვა მუხლებით მინიშნებული ფუნქციები, არაა დადგენილი ვინ გამოსცემს სააგენტოს ნორმატიულ აქტს, აღმასრულებელი დირექტორი თუ სააგენტოს საბჭო. შესაბამისად, კანონმა უნდა დაადგინოს ნორმატიული აქტის სახე. თუ ეს იქნება საბჭოს დადგენილება, უნდა განისაზღვროს საბჭოს წევრების რა რაოდენობაა სხდომის ჩატარების უფლებამოსილი და ხმათა როგორი თანაფარდობით მიიღება დადგენილება. თუ სამუშაო ჯგუფი ამ საკითხების გატანას ვარაუდობს სააგენტოს დებულებაში, მაშინ დებულება სხვა ორგანომ უნდა დაამტკიცოს და არა სააგენტოს საბჭომ. ყველა შემთხვევაში, სააგენტოს ნორმატიული აქტის სახე მაინც უნდა იყოს კანონით განსაზღვრული და მკაფიო ჩანაწერით დადგინდეს, რომ სააგენტოს გააჩნია ნორმატიული აქტის გამოცემის უფლება;
- აუდიტორების სერტიფიცირება
ბაფი პროფესიულ სერტიფიცირებას ახორციელებს დაარსების დღიდან და მისი წარმატებული საქმიანობა ამ სფეროში აღიარებულია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც. ეს არ ნიშნავს, რომ სხვა მასერტიფიცირებელი ორგანოს ან სასერტიფიკაციო პროგრამების ჩამოყალიბების წინააღმდეგნი ვართ. ამასთან დაკავშირებით ჩვენი კომენტარები და შენიშნვები შეეხება შემდეგს:
- მომსახურების ხარისხის კონტროლი
ბაფი მიესალმება ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის გადატანას სააგენტოს კომპეტენციაში. ასევე მისაღებადაა მიჩნეული ამ ფუნქციის დელეგირება პროფესიულ ორგანიზაციებზე იმ აუდიტორებთან მიმართებაში, რომელთაც არ ექნებათ საზოგადოებრივი დაინტერესების პირთა აუდიტის უფლება. თუმცა, ჩვენი აზრით, კანონის პროექტი ამ ნაწილში გარკვეულ დახვეწას მოითხოვს. კერძოდ:
ა) აუცილებლად მიგვაჩნია ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განმახორციელებელ პირთა (შემმოწმებლების) ერთიანი სახელმწიფო რეესტრის არსებობა. ასეთ პირთა სერტიფიცირების წესების დადგენის, ან სერტიფიცირების გარეშე შერჩევა და რეესტრის წარმოება უნდა გახდეს სააგენტოს ფუნქცია. სააგენტოს უნდა ჰქონდეს მასერტიფიცირებელი პირის აღიარების, სასერტიფიკაციო მოთხოვნებისა და წესების დადგენის პრეროგატივა;
ბ) კანონმა უნდა დაადგინოს, სად შეეძლება აუდიტორს ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შედეგის გასაჩივრება, მაშინ, როცა ფუნქცია დელეგირებული იქნება პროფესიულ ორგანიზაციებზე;
გ) კანონის პროექტი გვერდს უვლის ხარისხის კონტროლის სისტემის შემმოწმებლის მომსახურების ანაზღაურების საკითხს. ვინ გადაიხდის მათ ჰონორარს, აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, სააგენტო თუ პროფესიული ორგანიზაცია, ფუნქციის დელეგირების შემთხვევაში. თუ იგულისხმება, რომ შემმოწმებელი პირი სააგენტოს თანამშრომელი იქნება, ეს კანონში უნდა იყოს გაცხადებული. თუ სხვა მიდგომა იქნება გამოყენებული, მით უფრო, კანონში მკაფიო ჩანაწერის არსებობას მოითხოვს.
- სხვა კომენტარები
ჩვენი მოსაზრება კანონის პროექტით განსაზღვრულ სხვა საკითხებთან მიმართებით უფრო ზოგადია, მაგრამ საყურადღებო იმ თვალსაზრისით, რომ:
ა) კანონი იყოს აღქმადი. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია კანონის პროექტში გამოყენებული ტერმინები უფრო დახვეწილი იყოს;
ბ) კანონი იყოს მაქსიმალურად მიახლოებული დირექტივების მოთხოვნებთან. დადგენილი ახალი ნორმები არ უნდა იყოს დირექტივებზე უფრო მკაცრი მოთხოვნის მატარებელი. ეს განსაკუთრებით ეხება ფინანსურ ანგარიშგებასთან ასოცირებული ინფორმაციის გახსნას, სადაც საშუალო საწარმოებისთვის მეტი მოთხოვნაა დადგენილი, ვიდრე დირექტივა განსაზღვრავს.
გ) რეგულირების პროცესში სააგენტოს, კანონის პროექტით, მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვს მინიჭებული, რომელთა სრულყოფილად განხორციელება სათანადო ფინანსურ რესურსებს მოითხოვს. მიზანშეწონილია კანონში უფრო ნათლად ჩანდეს სააგენტოს დაფინანსების წყაროები;
დ) კანონის პროექტის გაცნობისას ჩნდება კითხვები, რომლებიც პასუხის გაცემას მოითხოვს. მაგალითად: როგორ შეიძლება ფირმის რეესტრში დაბრუნება, თუ იგი 12 თვემდე ვადით ამოიღეს აუდიტორთა რეესტრიდან; დასაშვებია თუა არა პირი გარიგების პარტნიორი იყოს ერთზე მეტ აუდიტურ კომპანიაში; რა მიიჩნევა ურთიერთდამოკიდებულებად; ვინ და რა პროგრამით უტარებს ხარისხის კონტროლის სისტემის შემმოწმებელს სპეციალურ ტრენინგს; რას ნიშნავს გამარტივებული ანგარიშგება და რატომ მოეთხოვება მცირე საწარმოს მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) გამოყენება, თუ მხოლოდ გამარტივებული ანგარიშგების გამოქვეყნება/ წარდგენა იქნება მოთხოვნილი.
ბაფის გამგეობა გამოხატავს მზაობას, მისი კომპეტენციის ფარგლებში, აქტიური როლი შეასრულოს „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის სრულყოფის პროცესში. მიგვაჩნია, რომ პროფესიის რეგულირებაში ბაფის 20 წლიანი გამოცდილების გათვალისწინება დადებითად წაადგება ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის პრაქტიკის მიმდინარე რეფორმებს.
პატივისცემით,
ზურაბ ლალაზაშვილი
ბაფის გამგეობის თავმჯდომარე