საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







მრგვალი მაგიდა ბაფის კორპორაციული წევრებისათვის


მრგვალი მაგიდა ბაფის კორპორაციული წევრებისათვის

მიმდინარე წლის 26 იანვარს, ბაფის სასწავლო ცენტრში,  გაიმართა მრგვალი მაგიდა ბაფისა და აუდიტორული კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით. ბაფის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბატონები: რევაზ ძაძამია და ლავრენტი ჭუმბურიძე.

მრგვალი მაგიდის ძირითადი თემები იყო:

  1. პროფესიული ორგანიზაციის კორპორაციული წევრობა, საკანონმდებლო მოთხოვნები, ბაფისა და მისი კორპორაციული წევრების  ვალდებულებები და უფლებები.
  2. აუდიტორული მომსახურების ხარისხის კონტროლის სისტემის შემოწმების საკანონმდებლო მოთხოვნები და მონიტორინგისათვის მომზადება.

პირველ თემასთან დაკავშირებით ისაუბრა ბაფის გამგეობის წევრმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ბატონმა ლავრენტი ჭუმბურიძემ, რომელმაც აღნიშნა რომ: „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონით“ პროფესიული ორგანიზაციის წევრობა სავალდებულოა ფიზიკური პირი აუდიტორებისათვის, ხოლო აუდიტორული კომპანიებისათვის წევრობის მოთხოვნა კანონით არაა დადგენილი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია  გაცნობოთ გამგეობის პოზიცია კორპორაციულ წევრობასთან დაკავშირებით. გამგეობის თვალსაზრისით,  თქვენი სურვილი  შეინარჩუნოთ  ბაფის კორპორაციული წევრობა, იქნება ორმხრივი თანამშრომლობისა და აუდიტის პროფესიის განვითარების ხელშეწყობა, კერძოდ:

დიდი ოთხეულისა და საერთაშორისო ქსელის  კომპანიების მხრიდან კორპორაციული წევრობა აღქმული იქნება ბაფის, როგორც საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიული ორგანიზაციისა და, ზოგადად, პროფესიის განვითარების მხარდაჭერა საქართველოში;

 სხვა  წევრი აუდიტორული კომპანიებისათვის ბაფი გამოხატავს მზაობას:

  • ა.დაეხმაროს აუდიტის ქართულენოვანი პროგრამის (რომელიც ხელმისაწვდომი გახდა ბაფის მეშვეობით) შეძენასა და მისი პრაქტიკაში გამოყენების პერიოდში საკონსულტაციო მომსახურებით;
  • ბ.„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ დადგენილი ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელებამდე, კომპანიის სურვილის შემთხვევაში, მასთან მიავლინოს შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტი, რომელიც გამოხატავს მოსაზრებას სამსახურის მიერ დადგენილ წესებთან კომპანიის ხარისხის კონტროლის სისტემის შესაბამისობის შესახებ;
  • გ.პერიოდულად ჩაატაროს სემინარები ხარისხის კონტროლის სისტემის სტანდარტებთან დაკავშირებით;
  • დ.გაუწიოს კონსულტაციები ხარისხის კონტროლის სისტემის საკითხებზე.

გარდა ზემოაღნიშნულისა გამგეობას მიაჩნია, რომ კორპორაციული წევრობისათვის ასევე მნიშვნელოვანი მოტივაცია უნდა იყოს ბაფის, როგორც ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი ორგანიზაციის სტატუსით სარგებლობა.

აუდიტური ფირმების წლიური საწევრო შენატანის  ოდენობა გამოითვლება წინა წლის კონსოლიდირებული მთლიანი შემოსავლის მიხედვით:

  •   1 მლნ. ლარის ჩათვლით შემოსავლის მქონე პირებისთვის - 1000 ლარი;
  •  1-5 მლნ. ლარის ჩათვლით შემოსავლის მქონე პირებისთვის - 3000 ლარი;
  •  5 მლნ. ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირებისთვის - 5000 ლარი.

დადგენილი საწევრო შენატანების ოდენობა არასრული წლისათვის გაიანგარიშება გაწევრებიდან წლის ბოლომდე დარჩენილი თვეების (სრული/არასრული) პროპორციულად.

აუდიტური კომპანია, რომელიც გადაწყვეტს 2017 წლიდან ბაფის კორპორაციულ  წევრობას, ვალდებული იქნება დაფაროს 2016 წლის 31 დეკემბრისათვის არსებული საწევრო დავალიანება (მისი არსებობის შემთხვევაში).

 2.აუდიტორული მომსახურების ხარისხის კონტროლის სისტემის შემოწმების საკანონმდებლო მოთხოვნებსა  და მონიტორინგისათვის მოსამზადებელი სამუშაოების  თემაზე ისაუბრა ბაფის გამგეობის თავმჯდომარემ, ბატონმა რევაზ ძაძამიამ.

მომხსენებელმა გააკეთა აუდიტის იმ საერთაშორისო სტანდარტებისა და ხარისხის კონტროლის სახელმძღვანელო ლიტერატურის პრეზენტაცია, რომლებიც ბაფის მიერ თარგმნილია ქართულ ენაზე, განთავსებულია საიტზე (www.baf.ge) და რომელთა საფუძველზეც უნდა იყოს აგებული კომპანიის მომსახურების ხარისხის კონტროლის სისტემა. აგრეთვე, წარმოადგინა აუდიტის პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია  ქართულ ენაზე და ისაუბრა მისი შეძენისა და  პრაქტიკაში გამოყენების საკითხებზე.

მრგვალი მაგიდა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.  მონაწილე მხარეებმა ისაუბრეს  ასეთი შეხვედრების აუცილებლობაზე. შეთანხმდნენ, რომ  შემდეგი შეხვედრების  თემატიკა ჩამოყალიბდება პრაქტიკაში წარმოქმნილი პრობლემური საკითხების გათვალისწინებით, რომელიც წინასწარ მიეწოდება ბაფის ადმინსტრაციას.

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge