აუდიტისა და ფინანსური ანგარიშგების გაძლიერება
აუდიტისა და ფინანსური ანგარიშგების გაძლიერება აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში
2018 წლის 23 და 29 მარტს გაიმართა მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები, რომლებსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის, პროფესიული ორგანიზაციების და უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებები STAREP-ის (აუდიტისა და ფინანსური ანგარიშგების გაძლიერება აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში) პროგრამის ფარგლებში ჩატარდა და მის მიზანს წარმოადგენდა ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში განათლების გაუმჯობესების სტრატეგიული სამოქმედო გეგმის შემუშავება.
STAREP-ი მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების რეფორმების ცენტრის (CFRR) რეგიონული პროგრამაა. პროგრამის მიზანია კორპორაციული ანგარიშგებისთვის გამჭვირვალე დარგობრივი პოლიტიკის მქონე გარემოს და ეფექტური ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნა ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში.
STAREP-ის ფარგლებში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის განათლების პრაქტიკოსთა საზოგადოების (EduCoP) წევრები ერთობლივად მუშაობენ განათლების მოდერნიზაციასა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.
ღონისძიებაზე მხარეებმა განიხილეს ალტერნატიული გზები პროფესიული განათლების გაუმჯობესებისათვის და დასახეს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის განსახორციელებლადაც შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ყველა მხარის წარმომადგენელთა მონაწილეობით.
მსოფლიო ბანკი და სხვა მონაწილე მხარეები კოორდინაციას გაუწევენ დაგეგმილ სამუშაო შეხვედრებს. მსოფლიო ბანკის ორგანიზებით მომავალი შეხვედრა 2018 წლის 18 აპრილს გაიმართება.