საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ინფორმაცია ბაფის გამგეობის თავმჯდომარეობისა და გამგეობის წევრობის კანდიდატების შესახებ


 

 

ინფორმაცია ბაფის გამგეობის თავმჯდომარეობისა

და გამგეობის წევრობის  კანდიდატების შესახებ

 

რუსუდან ჟორჟოლიანი 

გამგეობის თავმჯდომარეობის კანდიდატი

ნოდარ ებანოიძე 

გამგეობის წევრობის კანდიდატი

თეიმურაზ ფარცხალაძე

გამგეობის წევრობის კანდიდატი

ლავრენტი ჭუმბურიძე 

გამგეობის წევრობის კანდიდატი

ნიკოლოზ ბაკაშვილი 

გამგეობის წევრობის კანდიდატი

კონსტანტინე დათიაშვილი 

გამგეობის წევრობის კანდიდატი

ივანე ჯელია

გამგეობის წევრობის კანდიდატი

დავით პაპიაშვილი 

გამგეობის წევრობის კანდიდატი

თამარ ცუხიშვილი 

გამგეობის წევრობის კანდიდატი

გიორგი ხმალაძე 

გამგეობის წევრობის კანდიდატი

ვასილ ხანიშვილი 

გამგეობის წევრობის კანდიდატი

გიორგი კვინიკაძე 

გამგეობის წევრობის კანდიდატი

მიშა აბაიაძე 

გამგეობის წევრობის კანდიდატი

მურად ნარსია 

გამგეობის წევრობის კანდიდატი

ივანე ჟუჟუნაშვილი 

გამგეობის წევრობის კანდიდატი

მზევინარ გურაბანიძე

გამგეობის წევრობის კანდიდატი

 

მოკლე ინფორმაცია

გამგეობის თავმჯდომარისა და გამგეობის წევრების არჩევნებთან დაკავშირებით

პატივცემულო დელეგატებო

ბაფის წესდებით განსაზღვრულია, რომ საერთო კრებაზე ფარული კენჭისყრით აირჩევიან  გამგე­ობის თავმჯდომარე (1) და გამგეობის წევრები (არაუმეტეს 11 წევრი). არჩევნებში მო­ნაწილეობის მსურველ პირთა რეგისტრაცია ხდება წინას­წარი განცხადებების საფუძველზე. არჩევნებში კანდიდატად დარე­გისტ­რირების მსურველ პირებს მოეთხოვებათ წარ­მოადგინონ თავიანთი ხედვა (სამოტივაციო წერილი), არ­ჩევის შემთხვე­ვაში, გამგეობაში მათი საქმიანობის  შესახებ.  

ბაფის ყველა წევრს  უფლება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო  არ­ჩევ­ნებში. კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო 2020 წლის 26 ოქტომბერს და დასრულდა 2020 წლის 27 ნოემბერს. ინფორ­მაცია გამოქვეყნებული იყო ბაფის ვებგვერდზე (www.baf.ge) და ჟურნალში „ბუღალტრული აღრიცხვა“.

გამგეობის წევრობაზე არჩევნებში მონაწილეობის კანდი­და­ტად დარეგისტრირდა 16 პირი, მათ შორის 1 გა­ნაცხადია გამგეობის თავმჯდომარეობაზე.

შესაძლებლობა გაქვთ, გაეცნოთ ბაფის გამგეობის თავმჯ­დო­მარეობისა და გამგეობის წევრობის კანდი­დატებსა და მათ  სამოტივაციო წერილებს.


რუსუდან ჟორჟოლიანი

გამგეობის თავმჯდომარეობის კანდიდატი

 

ძვირფასო კოლეგებო, უპირველეს ყოვლისა მადლობას გიხდით იმ ნდობისათვის, რომელიც წინა საარჩევნო კრებაზე გამო­მიცხადეთ და შესაძლებლობა მომეცით ბოლო ორ წელიწად ნახევარი, თქვენთან და ბაფის სხვა ხელმძღვანელობასთან ერ­თად, მემუშავა ჩვენი ორგანიზაციის სტაბილურობისა და შემდგომი განვითარებისათვის.

ბაფის ისტორიაში ყველა საარჩევნო პერიოდი თავისებურად მნიშვნელოვანი იყო და ის გამოწვევების ნაკლებობას არასოდეს განიცდიდა. არც გასული სარჩევნო პერიოდი იყო ერთფეროვანი ამ კუთხით: დაწყებული - პროფესიის რეგულირების საკა­ნონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, ბაფის და ზოგადად პროფესიული ორგანიზაციების როლისა და კომპეტენციების თითქმის ხელახლა (ვიმედოვნებ, საბოლოოდ) დამკვიდრებითა - და მსოფლიო პანდემიის ფონზე პროფესიის სტაბილურობისა და სამომავლო განვითარების გზების ძიებით - დამთავრებული. ამ გამოწვევებზე ჩვენ ერთად ვიმუშავეთ და ვთვლი, რომ თუ წინსვლა არა, მინიმუმ სტაბულურობის შენარჩუნება შევძელით.

მომავალი საარჩევნო პერიოდი, განსაკუთრებულად მნიშვნე­ლო­ვანი და განსხვავებული გამოწვევების პერიოდად მესახება, რად­გან მოითხოვს ორგანიზაციის სისტემური მუშაობის და მართვის სტილის თანამედროვე ცვლილებებზე მორგებას.

ძვირფასო კოლეგებო, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემის მხრიდან უდაოდ დიდი გამბედაობაა კოლეგების, გამგეობის წევრების წინადადების მიღება და გამგეობის თავმჯდომარეობაზე გა­ნაცხადის გაკეთება, რადგან სრულად ვაცნობიერებ იმ გა­მოწვევების დაძლევის სირთულეებს, რაც შეიძლება უკავშირ­დებოდეს თუნდაც შემდეგ საკითხებს:

  • გლობალურად, ციფრული ტექნოლოგიების სწრაფი გან­ვი­თარების საპასუხოდ პროფესიის განვითების ხელ­შეწყობას;
  • პროფესიული მომსახურების განხორციელების ბაზარზე ხა­რისხის ზრდის ხელშეწყობასა და საზოგადოებაში პროფე­სიის ნდობის ხარისხის ამაღლებას;
  • მსოფლიო პანდემიიის პირობებში საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისათვის მართვის სიახლეებისა და ტექნო­ლოგიების განვითარებას და ა.შ.

ვითვალისწინებ რა ბაფში ტრადიციულად დამკვიდრებული, გამგეობის აქტიურ და გუნდური მუშაობის სტილს და ასევე სანდო, გამოცდილ და მაღალი კომპეტენციის აღმასრულებელ სტრუქტურას, ვიმედოვნებ, რომ ერთად შევძლებთ მომავალი გამოწვევების გამკლავებას და მინიმუმ ორგანიზაციის სტა­ბილური განვითარების შენარჩუნებას.

 

ნოდარ ებანოიძე

გამგეობის წევრობის კანდიდატი

 

პატივცემულო ბაფის წევრებო, გულახდილად მინდა მოგახ­სენოთ, რომ წლების მანძილზე საქმიანობის ფართო სპექტრის მიუხედავად, პროფესიული საქმიანობა ჩემი ცხოვრების უმ­თავრესი ნაწილია და ყოველთვის ვიამაყებ ისეთი პროფესიული ორგანიზაციის წევრობით, როგორიცაა  ბაფი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ 2012–2020 წლებში ვიყავი ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრი.

სხვადასხვა პერიოდში ვმუშაობდი ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში:  ეკონომიკის სამეცნიერო – კვლევით ინსტიტუტში; საქართველოს კონტროლის პალატაში; აუდიტურ კომპანიაში პარტნიორი – აუდიტორი და სხვ. ჩაბარებული მაქვს დიდი ბრიტანეთის ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) პროგრამით გათვალისწინებული პროფესიონალი ბუღალტრის სერტიფიცირების 7 წიგნი. ვიყავი საქართველოს VIII მოწვევის   პარლამენტის წევრი და საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

ამჟამად ვმუშაობ აუდიტორულ კომპანია „ინტელექტ-აუდიტში“.

მე, როგორც საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდი­ტორთა ფედერაციის გამგეობის წევრობის კანდიდატი, გამგეობაში არჩევის შემთხვევაში, ვფიქრობ, ხელს შევუწყობ:

  1. ფედერაციის ძალისხმევას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი წევრ აუდიტორულ ფირმებსა და აუდიტორებს წარმატებით გაართვან თავი იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას ქვეყნის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი პროფესია.
  2. პროფესიული მომსახურების ხარისხის კონტროლის სის­ტე­მის სრულყოფილად ამოქმედებას და მის განხორ­ციე­ლებას;
  3. ბაფის სტრატეგიული და მიმდინარე სამოქმედო გეგმით გათ­ვა­ლისწინებული სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვასა და შესრუ­ლებას.

ვაცნობიერებ რა ბაფის წინაშე მდგარ ამოცანებს, განსაკუთრებით  გახორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების პირობებში,  მიმაჩნია, რომ ჩემი ცოდნა და პროფესიული გამოცდილება სასარგებლო იქნება იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელიც დგას ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანესი პროფესიის განვითა­რე­ბისათვის.

პატივცემულო დელეგატებო,

ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, გადავწყვიტე კიდევ ერთხელ ვიყარო კენჭი, როგორც ბაფის გამგეობის წევრობის კანდიდატმა. გამგეობის წევრად არჩევის შემთხვევაში,  ჩემს გამოცდილებას და ყველა რესურს გამოვიყენებ იმისათვის და წვლილი შევიტანო ბაფისა და, ზოგადად, პროფესიის შემდგომი განვითარების  საქმეში.

 

 

 

თეიმურაზ ფარცხალაძე

გამგეობის წევრობის კანდიდატი

 

მე როგორც საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის წევრობის კანდიდატი და სტანდარტების კომიტეტის თავმჯდომარე, ვფიქრობ რომ ჩემი ფედერაციის გამგეობის წევრად არჩევის შემთხვევაში:

  • მაქსიმალურად ვეცდები ხელი შევუწყო აუდიტის და აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების გავრცელებას და დანერგვას საქართველოში, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო კომპა­ნიების ფინანსური ანგარიშგების სტანდარ­ტების დანერგ­ვას, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით რელე­ვანტურია საქართვე­ლოში მოქმედი 90%-ზე მეტი საწარმო­ებისათვის.
  • ასევე ხელს შევუწყობ საქართველოს პროფესიონალ ბუღალ­ტერთა და აუდიტორთა ფედერაციის, როგორც პროფესიო­ნალური ორგანიზაციის განვითარებას და პირველ რიგში მის პროფესიონალებზე ორიენტაციას და ფოკუსირებას.
  • მივიღო მონაწილემობა აღრიცხვა-აუდიტის კანონმდებ­ლო­ბის და რეგულირების განხილვაში, რომელიც შესაბამისი იქნება ევროკავშირის მოთხოვნებთან და ხელს შეუწყობს აღრიცხვის და აუდიტის პროფესიის განვითარებას, სტან­დარტების დამკვიდ­რებას და ხარისხის კონტროლის სისტე­მის რეალურად გან­ხორციელებას.
  • ხელს შევუწყობ, რომ უმაღლეს სასწავლებლებში/უნივერსი­ტეტებში იყოს აღრიცხვა აუდიტის სპეციალობებში საერ­თა­შორსო სტანდარტებზე დაფუძნებული სასწავლო პროგ­რამები, რათა სტუდენტმა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შე­იქმნას მყარი საფუძველი სწავლის გასაგრძელებ­ლად, რათა მოიპოვოს პროფესიონალის სერტიფიკატი.

ხელს შევუწყობ, ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის სას­წავლო დაწესებულებების აღჭურვა შესაბამისი სახელმძღვა­ნე­ლოებით ქართულ ენაზე, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ბიზნესის და პროფესიის ურთიერთ­თა­ნამშ­რომლობის გაძლიერებას.

 

 

ლავრენტი ჭუმბურიძე

გამგეობის წევრობის კანდიდატი

პატივცემულო კოლეგებო

გაცნობიერებული მაქვს ბაფის მმართველი სტრუქტურის როლი ჩვენი ორგანიზა­ცი­ის, აგრეთვე, პროფესიის განვითარებაში და ვფიქრობ, შესაძლებლობა მაქვს მოკრძალებული წვლილი შევიტანო ამ საქმეში.

მოკლედ მოგახსენებთ პროფესიული გამოცდილებისა და, არ­ჩევის შემთხვევაში, გამგეობის საქმიანობაში ჩემი შესაძლო მონაწილეობის სფეროების შესახებ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააღრიცხვო  ეკონო­მიკური ფაკულტეტის დამთავრების დღიდან, ჩემი სამეცნიერო და პრაქტიკული მოღვაწეობა უკავშირდება ჩვენ პროფესიას. ვეწეოდი პრაქტიკულ საქმიანობას, ვიკვლევდი რეგულირების საერთაშორისო პრაქტიკას და, შესაძლებლობის ფარგლებში, ხელს ვუწყობდი საქართველოში მის დამკვიდრებას.  პროფესიის რეგულირების თემაზე დაცული მაქვს სადოქტორო დისერტაცია. ვარ ბაფისა და ჟურნალი „ბუღალტრული აღრიცხვას“ თანადამ­ფუძნებელი.

ბაფის დაფუძნების დღიდან, ვმონაწილეობ ამ ორგანიზაციის  მოკლევადიანი და სტრატეგიული განვითარების პოლიტიკის განსაზღვრასა და მისი განხორციელების ღონისძიებებში. ბაფში ჩემი საქმიანობის მიზანი ყოველთვის იყო და არის პროფესიის განვითარების ხელშეწყობა.  გარდა ამისა, მიმაჩნია,  შევძლებ წარმატებით ვიმოღვაწეო ბაფის საქმიანობის შემდეგ სფეროებში:

  • წევრებთან ურთიერთობა. ჩემთვის ყველაზე საინტერესო და პრეს­ტიჟულია  წევრებთან ურთიერთობის სფერო. ამ მიმარ­თუ­ლებით გავლილი მაქვს ტრენინგები აშშ-ში, ხორვატიაში, ვმო­ნაწილეობდი 10-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციაში და სხვადასხვა სემინარებში.  მიმაჩნია, მიღებული ცოდნითა და გა­მოც­დილებით, გამგეობას დავეხმარები წევრებთან ურთიერ­თობის საკითხების დახვეწასა და გაუმჯობესებაში;
  • ზედამხედველობის სამსახურთან და სახელმწიფო სტრუქ­ტურებთან თანამშრომლობა. მაქვს გამოცდილება პროფე­სი­ის საკანონმდებლო ბაზის ლობირებაში. მონაწილეობას ვი­ღებდი პროფესიის მარეგულირებელი კანონების (1999, 2012 წლები) პროექტების მომზადებასა და ლობირებაში. ვფიქ­რობ, ამ სფე­როში ჩემი გამოცდილება სასარგებლო იქნება ზედამხედვე­ლობის სამსახურთან, აგრეთვე სახელმ­წიფო სტრუქტურებთან წარმატებული  თანამშრომლობი­სათვის.
  • პროფესიის განვითარებისა ხელშეწყობა. აუცილებლად მიმაჩნია ბაფის თანშრომლობის გააქტიურება შესაბამისი პროფილის უმაღლეს სასწავლებლებთან, სხვადასხვა მი­მართულებით, განსა­კუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი აკა­დემიური განათლების პროგრამების სერ­ტიფიცირების პროგ­რამებთან დაახლოვების მისაღწევად. შესაძლებლად მიმაჩნია ამ სფეროში ჩემი გამოცდილებისა და კონტაქტების გამოყენება;
  • აღმასრულებელი სტრუქტურა. ბაფში ჩემი საქმიანობის მნიშვ­­ნელოვანი ნაწილი აღმასრულებელ სტრუქტურას უკავ­შირდება. თქვენ საშუალება გაქვთ თვალი ადევნოთ ჩვენი ორგანიზაციის ყოველწლიურ ბიუჯეტებსა და ფინანსური ანგარიშგებებს, ამი­ტომ ამ სფეროში ჩემი შესაძლებლობების შეფასება თქვენგან უფრო მიუკერძოებელი იქნება.

 

ნიკოლოზ ბაკაშვილი

გამგეობის წევრობის კანდიდატი

 

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და

აუდიტორთა ფედერაციის ძვირფასო წევრებო!     

კოლეგების მიერ  გამოხატული ნდობის შედეგად ორი წელი გავიდა, რაც არჩეული ვიყავი ბაფის გამგეობის წევრად და ეს ორი წელი საკმაოდ მნიშვნელოვან გამოწვევებსაც დაემთხვა ჩვენს პროფესიაში, რაც, ძირითადად, გამოწვეული იყო „ბუ­ღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის“ შე­სახებ საქართველოს კანონის ამოქმედებითა და, აქედან გამომ­დინარე, დაწესებული ახალი რეგულაციებით.

პროფესიული ორგანიზაციის თვითმყოფადობის შენარ­ჩუნებისა და თავად პროფესიის განვითარებისათვის ბაფის ხელმძღ­ვანელობამ და გამგეობამ, ვფიქრობ, თავისი არა მარტო მოკრ­ძალებული სიტყვა თქვა, არამედ ბევრ შემთხვევაშიც თვითონ გამოდიოდა ინიციატორი დახვე­წილიყო და/ან შესაბამისი ცვლი­ლებები და დამატებები  შესულიყო საკანონმდებლო, თუ კა­ნონქვემდებარე აქტებში, რომლებიც სისხლხორციელადაა და­კავ­შირებული ქვეყნის სააღრიცხვო-საგადასახადო და ანგარიშ­გება - აუდიტის სფე­როსთან.

მიუხედავად აღნიშნული გარდამავალი პერიოდისა, დღეს უფრო მეტად იკვეთება პროფესიული ორგანიზაციის როლი და მნიშვ­ნელობა აუდიტორთა კორპუსისათვის ხარისხის კონტროლის მონიტორინგის განხორციელების პროცესთან დაკავშირებით. თუ გავითვალისწინებთ იმ რეალობებს, რაც ძალიან მწარე პრობლემებად უდგას ქართულ, ნაციონალურ, არა საერ­თა­შორისო ქსელებში შემავალ კომპანიებს, ერთ-ერთი რეალური დასაყრდენი ძალა არის პროფესიული ორგა­ნიზაციის წარმო­მადგენლობითი გუნდის იმდაგვარად ჩა­მოყალიბება, რომელიც იზრუნებს მცირე და საშუალო სიდიდის ქართული ეროვნული აუდიტორული კომპანიებისა თუ აუდიტორების პოპული­ზა­ციასა და უცხოურ აუდი­ტორულ კომპანიებთან მიმართებაში თანაბარზომიერ პირობებში ჩაყენებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ჩემი საქ­მი­ანობა აქამდეც და შემდგომშიც ბაფის გამგეობის წევრად არჩევის შემთხვევაშიც, სწორედაც რომ მიმართული იქნება პროფესიის განვითარებისაკენ, ქართული აუდიტორული კომპანიების  წარ­მო­­ჩენისაკენ და აუდიტორულ ბაზარზე თა­ნაბარზომიერი პი­რობების დაწესებისკენ იმდაგვარად, რომ არ იქნეს დარღვეული საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტის ხარისხის ნორმები და სტანდარტები.

 

კონსტანტინე დათიაშვილი

გამგეობის წევრობის კანდიდატი

 

დაბადებული ქ. ქუთაისში 1962 წლის 11 იანვარს, ცოლშვი­ლიანი, ეკონომისტი, პროფესიონალი ბუღალტერი/აუდიტორი.

 

მიმართვა ბაფის საერთო დელეგატებს

სურვილი მაქვსკენჭი ვიყარო ბაფის გამგეობის წევრად, თუმცა, მთავარი თქვენი გადაწყვეტილებაა. დამიჭერთ თუ არა მხარს, დავრჩე ბაფის გამგეობის შემადგენლობაში.

ვარ ბაფის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ჩემი შესაძლებლობის მნიშვნელოვან ნაწილს, წლების განმავლობაში, ბაფის განვითა­რებას და პოპულარიზაციას  ვუთმობდი, რადგან 2000 წლიდან, აქტიურად ვმონაწილეობ მისი საქმიანობის სხვადასხვა მიმარ­თულებით. შეიძლბა ითქვას, რომ ვცდილობდი ჩემი წვლილი შემეტანა ბაფის განვითარებაში. კერძოდ, პერიოდულად ვიყავი გამგეობის წევრი და ვმონაწილეობდი ბაფის მართვის სფეროში, სხვადასხვა პერიოდში ვასრულებდი პროფესიული განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას, ვეწეოდი წევრების საკონსულტაციო მომსახურებას.

შეიძლება ითქვას, რომ ზემოაღნიშნული მიმართულებებით საქ­მიანობის პერიოდში დაგროვდა ცოდნა და პრაქტიკული გა­მოცდილება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ.

კარგად ვაცნობიერებ ბაფის წინაშე მდგარ ახალ ამოცანებსა და გამოწვევებს, რომელიც ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინან­სური ანგარიშგების აუდიტის შესახებ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს. ვგულისხმობ, რომ ბაფის საქმიანობა, პრო­ფესიული სერტიფიცირებისა და განგრძობითი განათლების ზოგიერთი საკითხი ახლებურ მიდგომას და გადაწყვეტას მო­ითხოვს. თქვენ საშუალება გაქვთ შეაფასოთ ჩემი, როგორც განათლების კომიტეტის თავმჯდომარისა და აგრეთვე, საქმია­ნობის სხვა მიმართულებით, გაწეული მუშაობა.

ვფიქრობ, გამგეობის წევრად არჩევის შემთხვევაში, ჩემი კვა­ლი­ფიკაცია, ცოდნა და გამოცდილება სასარგებლო იქნება:

  • ბაფის გამგეობის მიერ გადაწყვეტილებების მირებასა და მათ განხორციელებაში;
  • პროფესიული განათლების, აგრეთვე, პროფესიული სერტი­ფიცირების პოლიტიკისა და პროცედურების მუდმივ სრულ­ყოფაში;
  • ბუღალტერთა გადამზადებისა და უწყვეტი განგრძობითი განათლების პროგრამების მომზადებაში;
  • წევრების საკონსულტაციო მომსახურების კუთხით ფინან­სური აღრიცხვა-ანგარიშგების, აუდიტის, საგადასახადო და­ბეგვრის სფეროებში.

 

ივანე ჯელია

გამგეობის წევრობის კანდიდატი

 

წინამდებარე წერილის მიზანია ჩემი თავისა და იმ ფაქტორების წარმოჩენა, რომელთა გამოც ვფიქრობ, რომ ჩემი მონაწილეობა გამგეობაში სასარგებლო იქნება ბაფისა და პროფესიისათვის.

დაბადებული ვარ თბილისში, 1971 წელს. დამთავრებული მაქვს სახელმწიფო უნივერსიტეტი. ვარ დაოჯახებული, მყავს ექვსი შვილი. ვარ პროფესიონალი ბუღალტერი 2002 წლიდან და შპს „ბეიკერ ტილი ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი 1996 წლიდან, ფირმის დაარსებიდან.

დაახლოებით 12 წელია ვმუშაობდი ბაფის გამგეობაში და აუდი­ტის ხარისხის კონტროლის კომიტეტში. ამ პერიოდის განმავ­ლობაში ბაფის მუშაობისას ჩემს ძირითად მიზნებს შეადგენდა:

  • კორპორატიული და ფიზიკური წევრებისა და ზოგადად პრო­ფესიისათვის ბაფის სარგებლიანობისა და უკუგების ამაღლება;
  • ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კანონის ცვლი­ლებების წარმოება და ლობირება;
  • აუდიტის ხარისხის კონტროლის სისტემის მეთოდოლო­გიური და ნორმატიული ბაზის შექმნა და პრაქტიკული დანერგვა, სწორედ კომიტეტის ჩემი მმართველობის დროს, ჩემს კოლეგებთან ერთად, კომიტეტში შეიქმნა პირველი მეთოდოლოგიური კითხვარები და ჩატარდა პირველი ხარისხის კონტროლის შემოწმებები;
  • ბაფის წარმოდგენა სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნულ ორგანიზაციებში;
  • ბაფის გამგეობაში აქტიური მონაწილეობა მისი გამჭირვა­ლობის, ეფექტურობისა და პროფესიონალიზმის გაზრდის კუთხით.

ვთვლი, რომ ჩვენს კოლეგებთან ერთად საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ ამ მიმართულებით, თუმცა, ძალზე დინამიური და ცვალებადი გარემოს გამო, ბაფის წინაშე კვლავაც დგას რთული, შეიძლება ითქვას სასიცოცხლო მნიშვნელობის, გამოწვევები, როგორიცაა:

  • ბაფის წევრების მხარდაჭერის ორგანიზაციული ფორმების დახვეწა;
  • ახალი რეგულაციების შესაბამისად ბაფ-ის მოდერნიზაცია, განსაკუთრებით განგრძობითი სწავლებისა და სერტიფიცი­რების კუთხით;
  • ბუღალტერთა საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშ­რომ­ლობის გაღრმავება. ჩემი აზრით, ამ პრობლემების დაძლევა მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს.

ჩემი სურვილია არჩეული ვიყო გამგეობაში, ვინაიდან მჯერა, რომ გამგეობიდან უფრო ეფექტურად შევძლებ დავეხმარო ბაფსა და პროფესიას ამ რთულ და გარდამტეხ პერიოდში.

 

 

 

დავით პაპიაშვილი

გამგეობის წევრობის კანდიდატი

 

პატივცემულო კოლეგებო,

მე გახლავართ დავით პაპიაშვილი, საერთაშორისო ქსელური აუდიტორული კომპანია Kreston Papiashvili-ს მმართველი პარტ­ნიორი. მრავალი წელია ჩემი ყოველდღიური ცხოვრება და საქმიანობა ბუღალტრის, აუდიტორისა და საგადასახადო კონ­სულტანტის პროფესიის განვითარებასა და  პოპულარიზაციას უკავშირდება. ჩემი როგორც პრაქტიკოსი აუდიტორის, ბაფის გამგეობის მოქმედი წევრის, acca-ს, Kreston Academy-ს და სხვა სასწავლებლების ტრენერის მრავალწლიანი საქმიანობა ყოველ­თვის პროფესიის წარმომადგენელთა ინტერესების დაცვისკენ იყო მიმართული.

წარმოგიდგენთ იმ წარმატებების ჩამონათვალს რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩემს კოლეგებთან  ერთობლივი მუშობის შედეგად იქნა მიღწეული:

  • ჩემი აქტივობის ერთ-ერთი მიმართულება საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული  ხარვეზებისა გასწორების მიზ­ნით მუშაობას გულისხმობს.
  • 2021 წლიდან აქტიურად ვიყავი ჩართული დღგ-ით და­ბეგვრის ახალი წესების შემუშავებაში, რაც კანონმ­დებ­ლობაში არსებული დამამძიმებელი ნორმების შემსუბუ­ქებასა და ორაზროვნების აღმოფხვრას გულისხმობს.
  • რეგულარულად ვატარებ სხვადასხვა კვლევებს ქვეყნის საგადასახადო ორგანოს ეფექტიანად მუშაობის მიმართუ­ლებით, რაც მიზნად ისახავს საქართველოს შემოსავლების სამსახურის ეფექტიანობისა და კერძო სექტორის საგადა­სახადო შემოწმებებისას კანონთან შესაბამისობის საკითხე­ბის შესწავლას.
  • აუდიტორული პრაქტიკის პარალელურად  აქტიურად ვარ ჩართული აღრიცხვისა და აუდიტის პროფესიონალების გადამზადების საქმეში.
  • ბოლო 2 წლის განმავლობაში, როგორც ბაფის საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარე, ვმონაწილეობდი ბაფში შემო­სულ კითხვებზე პასუხის გაცემისა და კონსულტაციის გაწევის პროცესში. ყოველთვიურად ვამზადებდით ფედე­რაციის წევრების მხრიდან შემოსულ კითხვებზე პასუხებს, რაც შემდგომში ფედერაციის ჟურნალში ქვეყნდებოდა.

ბუღალტრისა და აუდიტორის პროფესიაში არსებული გამოწ­ვევებიდან გამომდინარე ვთვლი, რომ სამომავლოდაც უნდა გავაგრძელო ჩვენი კოლეგებისათვის  პროფესიული  ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ჩემი ძალისხმევა პროფესიის განვითარებისა და ახალი მიზნების მისაღწევად უნდა მივ­მართო. მჯერა, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, მნიშვნე­ლოვანი გამარჯვებებისა და პროფესიისთვის სასიკეთო ნაბიჯების გა­დადგმა იქნება შესაძლებელი. ამიტომაც მაქვს სურვილი მო­ნაწილეობა მივიღო ბაფის გამგეობის არჩევნებში და თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში ვემსახურო ბუღალტრისა და აუდი­ტის პროფესიის წარმომადგენლებს.

 

თამარ ცუხიშვილი

გამგეობის წევრობის კანდიდატი

 

პატივცემულო დელეგატებო,

განათლებით ვარ ეკონომისტი, 2004-2007 წლებში დავამთავრე პრო­ფესიული სერტიფიცირების (ACCA) სრული კურსი ქარ­თულად და მომენიჭა პროფესიონალი ბუღალტრის სტატუსი. ამჟამად ჩართული ვარ როგორც აუდიტორთა ისე სერთიფი­ცირებულ პირთა რეესტრში. 2010 წლიდან ვარ აუდიტორი, ხოლო  2004 წლიდან ვარ ფედერაციის წევრი.

სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ ვმუშაობ საერთაშორისო ქსელის IECnet წევრ აუდიტურ ფირმაში შპს „კონსაუდი“ 2005 წლიდან აუდიტის ასისტენტად ხოლო 2010 წლიდან კი გარი­გების პარტნიორად. ფირმა, რომელიც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნ­და და სათანადოდ უპასუხა იმ გამოწვევებს რაც დღის წესრიგში დააყენა  2016 წელს პროფესიაში განხორციელებულმა ცვლილე­ბებ­მა. 2017 წელს ფირმამ წარმატებით გაიარა ხარისხის კონტ­რო­ლის მონიტორინგი და  ჩართულია სდპ აუდიტორთა რეესტრში. 

მაქვს პედაგოგიური საქმიანობის 14 წლიანი გამოცდილება  პრო­­ფესიული სერტიფიცირაების (ACCA) ქართულენოვან პროგ­რამაში. ვკითხულობ  აუდიტის ლექციებს მეორე ეტაპზე და პროფესიულ დონეზე. ჩემი პედაგოგიური საქმიანობით ვცდი­ლობ ჩემი წვლილი შევიტანო პროფესიის განვითარებაში.

ჩემი ათწლიანი პროფესიული საქმიანობა მთლიანად დაკავში­რებულია ფედერაციასთან. 2011 წლიდან ვარ საქართველოს პრო­ფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციაში  კონ­სულტანტი ბუღალტრულ და საგადასახადო საკითხებში. გა­სული საარჩევნო პერიოდიდან ვარ  გამგეობის წევრი.

მიმაჩნია, რომ გამგეობის წევრად კვლავ არჩევის შემთხვევაში, შევძლებ გავაგრძელო აქტიური მონაწილეობა პროფესიული გა­ნათლებისა და წევრებთან დაკავშირებული საკითხების და­გეგმვასა და გადაწყვეტილებების მიღებაში. გარდა ამისა, ვიცნობ რა პროფესიაში ბაფის მიზნებსა და გამოწვევებს  მაქსიმალურად შევეცდები ჩემი წვლილი შევიტანო მისი საქმიანობის სხვა მიმართულებით განვითარების პოლიტიკის განსაზღვრასა და შესრულებაში.

 

გიორგი ხმალაძე

გამგეობის წევრობის კანდიდატი

კოლეგებო,

მივიღე გადაწყვეტილება, წარმოვადგინო ჩემი კანდიდატურა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის წევრის პოზიციაზე.

პროფესიაში ჩემი ცოდნა და გამოცდილება ემყარება 25-წლიან პრაქტიკას, რომელიც მოიცავს საქმიანობას, როგორც:

  • აუდიტის, ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების, საგადასახადო ანგარიშგების და შეფასების სფეროში;

აგრეთვე,

  • პროფესიული ორგანიზაციის - საქართველოს დამოუკი­დე­ბელ ბუღალტერთა და აუდიტორთა საზოგადოების“ (ბას) საქმიანობის მიმართულებით.

კერძოდ:

  • 1995 წლიდან ვარ აუდიტორული და საკონსულტაციო სამსახური „ემჯიაი მედიატორის“ მმართველი პარტ­ნიორი.
  • არაერთი წლის განმავლობაში გახლდით ბასის გამგე­ობის თავმჯდომარის მოადგილე;
  • შემდეგ კი ბასის გამგეობის თავმჯდომარე (2015-2019 წწ.);
  • ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის საბჭოს წევრი (2016-2018 წწ.);
  • ვარ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდი­­­ტის ზედამხედველობის სამსახურის IFRS კომი­ტეტის წევრი;
  • უშუალოდ ვიყავი ჩართული პროფესიის მარეგული­რებელი ყველა საკანონმდებლო აქტის (კანონების) შე­მუშავებაში;
  • ჩვენი უშუალო მხარდაჭერით განხორციელდა ბაფის და ბასის შერწყმა.

ვთვლი, რომ გამგეობაში არჩევის შემთხვევაში, ჩემი მრავალ­წლიანი ცოდნა და გამოცდილება, მომცემს საშუალებას დავეხ­მარო პროფესიას დღეს არსებული გამოწვევების დაძლევასა და სამომავლო განვითარების ტენდეციების განსაზღვრასა და გან­ხორციელებაში.

 

 

 

ვასილ ხანიშვილი

გამგეობის წევრობის კანდიდატი

ძვირფასო კოლეგებო,

დღეს მოქმედმა განახლებულმა კანონმდებლობამ ბუღალ­ტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში გაზარდა მოთხოვ­ნები, როგორც პროფესიული ორგანიზაციების, ისე აუდიტო­რული კომპანიებისა და აუდიტორებისადმი. კანონმდებლობის სრულფასოვნად აღსრულებისთვის და პროფესიულ ორგა­ნიზა­ციაში გაწევრიანებულ პირების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის მთელი რიგი ღონისძიებებია გასატარებელი, რომლის განხორ­ციელებაშიც სურვილი მაქვს მივიღო მონაწილეობა.

ჩემი ცოდნა და გამოცდილება კანონშემოქმედებით საქმიანობაში გამოსადეგი იქნება ბაფ-ის გამგეობისთვის. უმაღლესი განათ­ლება მივიღე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნი­ვერსიტეტში. მინიჭებული მაქვს ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორის ხარისხი. მაქვს 10 წლიანი პედადოგიური გამოც­დილება. 24 წელი ვმუშაობდი ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წამყვანი სამმართველოების და დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. ვიყავი საქართველოს საგადასახადო კანონ­მდებლობის შემუშავებაში. ვიყავი პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის ექსპერტი. 2005 წლიდან დღემდე ვარ აუდიტორული კომპანია „მრჩეველის“ პარტნიორი.

ვიყავი საქართველოს დამოუკიდებელ ბუღალტერთა და აუდი­ტორთა საზოგადოების გამგეობის წევრი. აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონის ლობირებაში და პარლამენტის კომიტეტში კანონპროექტების განხილვაში.

გამგეობის წევრად არჩევის შემთხვევაში მაქსიმალურად გამო­ვიყენებ ჩემს ცოდნას და გამოცდილებას აუდიტორული კომპა­ნიების და ინდივიდუალური აუდიტორების კვალიფიკაციის ამაღლებაში, რათა შეძლონ მოქმედი კანონმდებლობით გათვა­ლისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილება.

         


გიორგი კვინიკაძე

გამგეობის წევრობის კანდიდატი

 

ძვირფასო ფედერაციის წევრებო,

ჩემთვის დიდი პატივია, რომ უკვე ექვსი წელია ვარ ბაფის გამგეობის წევრი. როგორც გამგეობის წევრი, აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას სხვადახვა რეფორმის დანერგვასა და ორგანიზებაში, მათი განვითარებისა და სრულყოფის პროცესში. აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა სამთავრობო  ჯგუფ­ებთან ურთიერთობაში, წარმოვადგენდი და ვიცავდი ბაფის ინტერესებს.

მე გახლავართ „RSM საქართველოს“ დირექტორი და დამფუძ­ნებელი. მე, როგორც პრაქტიკოსი, ფინანსურ და საბუღალტრო სფეროებში მუშაობის 28 წლიანი გამოცდილებით და, ასევე, როგორც ბაფის წევრი 2011 წლიდან,  ვაცნობიერებ გამოწვევებს, რის წინაშეც დგას ფედერაცია. ვთვლი, რომ გამაჩნია შესაბამისი რესურსი, რომლის ეფექტური გამოყენებით შესაძლებელია წვლილი შევიტანო ბაფის უფრო მეტად განვითარებასა და ავტორიტეტის ამაღლებაში. ამის საფუძველზე გადავწყვიტე, წელსაც მივიღო მონაწილეობა ბაფის გამგეობის წევრობის არჩევნებზე.

რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს, მიმაჩნია, რომ მიმდინარე პერიოდისათვის ერთობლივად გადასადგემელი გვაქვს შემდეგი ნაბიჯები:

  1. როგორც მოგეხსენებათ, ბუღალტერიისა და აუდიტორული საქმიანობის სტანდარტის, ატესტაციის, განსაზღვრის მიზ­ნით, ჩამოყალიბდა საკანონმდებლო ბაზა. ზედამხედ­ველობის მიერ განხორცილდა კონკრეტული ქმედებები და უკვე შემოწმდა აუდიტორული კომპანიების ნაწილი, მოხდა მათი კლასიფიკაცია. დაგეგმილია სექტორში არსებული სხვა კომპანიების შემოწმებაც. ვთვლი, რომ საქართველოში პროფესიული საქმიანობის ხარისხის ამაღლების მიზნით, ბაფი, თითოეულ ჩვენგანთან ერთად, აქტიურად უნდა იყოს ჩართული აღნიშნული რეგულაციის სრულყოფის პროცესში;
  2. მნიშვნელოვანია, ბაფის მხრიდან საერთაშორისო საბუღალ­ტრო ასოციაციებთან ახალი პარტნიორული ურთიერთო­ბების დამყარება და მათთან მჭიდრო პროფესიული კავ­შირების ხელშეწყობა წევრების მუდმივი პროფესიული განვითარებისათვის;
  3. კვლავ აქტუალურია პროფესიული განათლების სრულყო­ფის მხარდაჭერა - პროფესიონალი ბუღალტრის/აუდიტორის კვალიფიკაციის მინიჭების სისტემის განვითარება;
  4. ბაფის იმიჯის ამაღლებაზე ზრუნვა, მედიასთან მჭიდრო თანამშრომლობა, ფედერაციის რეპუტაციის გამყარება, რო­გორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო სტრუქტურებთან;
  5. წევრი კომპანიების ინტერესების ლობირება სახელმწიფო სტრუქტურებთან;
  6. წევრებთან ანგარიშვალდებულების ამაღლება და მათი ინტერესების გათვალისწინება.

ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯები თანხვედრაშია იმ მოკლევადიან და გრძელვადიან სტრატეგიულ მიზნებთან, რომლებიც დასა­ხული აქვს ბაფს შემდგომი განვითარებისა და გაფარ­თო­ებისათვის. იმედი მაქვს, შესაძლებლობა მომეცემა ჩემი ცოდნა და პროფესიული გამოცდილება გამოვიყენო ბაფის სასიკეთოდ.

 

 

 

მიშა აბაიაძე

გამგეობის წევრობის კანდიდატი

ვითვალისწინებ რა იმ ვალდებულებებს, რომლებიც ეკისრება საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის წევრს და ვითვალისწინებ რა ჩემს გამოცდილებას ამ სფეროში, გთავაზობთ ჩემს კანდიდატურას ბაფის გამგეობაში წევრობაზე.

წარმოგიდგენთ ჩემი პროფე­სიული უნარ-ჩვევების შესახებ მოკლე ინფორმაციას: დაბადე­ბული ვარ ქ. თბილისში, 1980 წლის 18 თებერვალს. ვარ დაო­ჯახებული, მყავს ორი შვილი. გავლილი მაქვს ლიდერთა სკოლის პროგრამა მანჩესტერის უნივერსი­ტეტში. დღეისათვის ვემზადები სადოქტორო ნაშრომის დასა­ცავად მას შემდეგ, რაც დავამთავრე ივ. ჯავახიშვილის თბი­ლისის სახელმწიფო უნი­ვერსიტეტი სპეციალობით აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტი და მომენიჭა წარჩინებული ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი. ვარ სერთიფიცირებული აუდიტორი და პროფესიონალი უძრავი და მოძრავი ქონების შემფასებელი.

მაქვს 20-წლიანი გამოც­დილება პროფესიული მომსახურების და პედაგოგიური საქმია­ნობის სფეროში, მათ შორის:

-     5 წელი - აუდიტორული და ბიზ­ნეს საკონსულტაციო კომპა­ნია, Moore abc (ყოფილი Morison Georgia, LLC), დირექტორი/ პარტნიორი.

-     5 წელი - აუდიტო­რული და ბიზნეს საკონსულტაციო კომ­პანია, UBC International, LLC; სპეციალისტთა გუნდის წევრი და ლიდერი;  სხვადასხვა თანამდებობები;

-     8 წელი - საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონ­სულტაციო კომპანია PKF UBC Services, LLC, აღმასრულე­ბელი დირექტორი/პარტნიორი; 40 თანამშრომლის ხელმძღ­ვა­ნელი;

 -    5 წელი - პროფესორის ასისტენტი - პედაგოგი­ური საქმია­ნობის გამოცდილება ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმ­წიფო უნივერსიტეტში.

პროფესიული კარიერის მანძილ­ზე წარმატებით ვუძღვებოდი აუდიტორულ, იურიდიულ-საგადასახადო, საშემფასებლო, საინ­ვეს­ტიციო, კორპორატიული განვითარების და სხვა ბიზნეს-საკონსულტაციო პროექტებს როგორც საერთაშორისო ისე ადგ­ილობრივი ბიზნესის დაკვე­თით.

ვარ შემდეგი პროფესიული ორგანიზაციების წევრი:

-     საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორ­თა ფედერაციის გამგეობის წევრი და ამავე ფედერაციის საწევრო კომიტეტის თავმჯდომარე (2010–2016, www.gfpaa.ge);

-     საქართ­ველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდი­ტორთა ფედე­რაციის გამგეობის წევრი და ამავე ფედერაციის ეთიკისა და დისციპლინარული კომიტეტის თავმჯდომარე (2016–2020, www.gfpaa.ge);

-     საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა საზოგა­დოების პირველი ვიცე პრეზიდენტი და საბჭოს წევრი (www.ivsg.ge).

გამგეობის წევრად არჩევის შემთხვევაში, მიღე­ბული ცოდნით და პროფესიული გამოცდილებით მზად ვარ ჩვენს კოლეგებთან ერთად წვლილი შევიტანო ორგანიზაციის წარმატებაში და პროფესიის განვითარებაში, ამავე დროს ხელი შევუწყო პრო­ფესიული ბაზრის განვითარებას ბაფის სახელით.

 

 

 

მურად ნარსია

გამგეობის წევრობის კანდიდატი

მოგესალმებით და მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ეცნობით ჩემს სამოტივაციო წერილს.

მაქვს ბაფ-ის გამგეობის წევრის თანამდებობის შესაბამისი, დადასტურებული თეორიული განათლება და პრაქტიკული გამოცდილება. ვთვლი რომ იგი ჩემი უნარების ადეკვატურია, რადგან 2010 წლიდან ვარ ბაფ-ის წევრი. არჩეული ვარ ბაფ-ის ეთიკისა და დისციპლინარული კომიტეტის წევრად, ვიცნობ საქმიანობის სპეციფიკას, სტრატეგიას, წესდებით და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მიზნებსა და ამოცანებს. დღემდე ვარ მოქმედი აუდიტორი, კომპანია „პრიმა აუდიტის“ გარიგების პარტნიორნი, ეკონომიკის დოქტორი, სეუ-ს პროფე­სორი (აკადემიურ თანამდებობაზე). ბოლო 5 წლის განმავ­ლობაში ჩემი კვლევითი საქმიანობა აუდიტისა და ქონების შეფა­სების სფეროში, ვფიქრობ, ცნობილია ბაფ-ის წევრებისათვის.

გაცნობიერებული მაქვს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშ­გებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს დღეს მოქმედი კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნები, ახალი გამოწვევები ბუღალტრულ აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში. გამოკვლეული მაქვს 2017-2019 წლების საქართველოს აუდიტო­რული ბაზრის მონაცემები, კარგად ვიცნობ ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის ხედვებს ბუღალტრული აღრი­ცხვისა და აუდიტის განვითარების პერსპექტივებზე. შესწავლი­ლი მაქვს ზედამხედველი ორგანოს - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, მისი შექმნის დღიდან, დღემდე განხორციელებული საკმაოდ არსებითი ხასიათის სისტემურად გააზრებული აქტივობები. ასევე, ვფლობ ამ მნიშვნელოვანი რეგულატორის საქმიანობის ხარვე­ზებს.

არ მომწონს: ბაფ-ის გამგეობის ხელმძღ­ვანელობის (სადაც ხმების „საკონტროლო პაკეტს“ ფლობენ სდპ-ს აუდიტის განხორ­ციელების უფლების მქონე აუდიტორული კომპანიების წარმო­მადგენლები, რომელიც ზღუდავენ გამგეობის აქტივობას იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც არ აწყობს ამ კატეგორიის აუდიტორულ კომპანიებს) მუდამ შიშნარევი ურთიერთობა ზედამხედველობის სამსახურთან, ზოგჯერ ამ სამსახურის მხრი­დან ბაფის, როგორც უნიკალური რეპუტაციისა და საკმაოდ მნიშვნელოვანი პროფესიული ინტელექტუალური პოტენცია­ლის მქონე ინსტიტუტის მოსაზრების/წინადადების იგ­ნო­რი­რების ფაქტები; ბაფ-ის გამგეობის არასაკმარისი აქტი­ვობა მცირე და საშუალო ზომის აუდიტორული კომპანიების მომავალ პერსპექტივებთან დაკავშირებით.

საზოგადოდ ვთვლი, რომ ბაფის საქმიანობა გაცილებით აქტი­ური და დინამიური უნდა იყოს აუდიტორებისა და ბუღალტ­რების პროფესიების პოპულარი­ზაციის ნაწილში. ვთვლი, რომ ანომალიაა, როცა პროფესიის რეგულატორი არ აყენებს აუდი­ტორული ბაზრის დეტალურ კვლევას, ბაფის გამგეობა არც კი თვლის მიზანშეწონილად ასეთი კვლევის ბაფის მიერ განხორ­ციელებას, შედეგების მცირე და საშუალო ზომის კომპანი­ებისათვის მიწოდებას თუნდაც იმიტომ, რომ ამ კომპანიებს შეეძლოთ მათი საქმიანობის პერსპექტივის/სტრატეგიის გან­საზღვრა.

მაქვს განზრახვა, გავააქტიურო არა მარტო ზემოაღნიშნული საკითხები, არამედ ბევრი სხვა თემები, მაღალი დამოუკიდე­ბელი ხარისხის პირობებში, კერძოდ, ბაფის ფორმატში გან­საკუთრებული ყურადღება მივმართო მცირე და საშუალო ზომის აუდიტორული კომპანიების ინტერესების დაცვას, მათ შორის, მათი აუდიტორული საქმიანობის ხარისხის მონიტორინგის ნა­წილში ქმედითი, კომპეტენტური კონსულტაციებისა და სხვა აქტივობების განხორციელებაზე.

ასევე, მაქვს განზრახვა განსა­კუთ­რებული ყურადღება დავუთმო აუდიტორული და ბუღალ­ტრული პროფესიების პოპულა­რიზაციას, წავახალისო მცირე და საშუალო ზომის აუდიტო­რული კომპანიები, მათი აუდიტორები გაერთიანებისაკენ, მხოლოდ მათთვის მისაღები ინტერესებისა და ფორმების გათვალისწინებით. ჩემს მიერ შეთავაზებული მეთოდები და ფორმები, ვფიქრობ საკმაოდ ეფექტური უნდა იყოს.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ ჩემი აქტივობები არ ავნებს პროფესიას, სდპ აუდიტის განხორციელების უფლების მქონე კომპანიების, აგრეთვე რეგულატორის საქმიანობას, პი­რიქით. თუმცა ზოგ საკითხში, შეიძლება მთელს ამ პროცესში მონაწილეებმა დისკომფორტი იგრძნონ, რომელიც ორიენტი­რებული იქნება აუდიტორული ბაზრის, ამ ბაზარზე მოქმედი სუბიექტების განვითარებაზე.

გმადლობთ იმისათვის, რომ გამონახეთ დრო გაცნობოდით ჩემს ამ სამოტივაციო წერილს.

 

 

ივანე ჟუჟუნაშვილი

გამგეობის წევრობის კანდიდატი

ვითვალისწინებ რა იმ ვალდებულებებს, რომლებიც ეკისრება სა­ქარ­თველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფე­დერაციის გამგეობის წევრს და ვითვალისწინებ რა ჩემს გა­მოცდილებას ამ სფეროში, გთავაზობთ ჩემს კანდიდატურას ბაფის გამგეობაში წევრობაზე.

წარმოგიდგენთ ჩემი პროფესიული უნარ-ჩვევების შესახებ მოკ­ლე ინფორმაციას:

დაბადებული ვარ ქ. თბილისში, 1977 წლის 21 ნოემბერს. ვარ დაოჯახებული, მყავს სამი შვილი. გახლავართ დიდი ბრი­ტანეთის სერტიფიცირებულ და პრივილეგირებულ ბუღალ­ტერთა ასოცი­აციის წევრი (ACCA). ასევე გახლავართ პრო­ფესიონალი ბუღალტერი სერტიფიცირებული საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის მიერ. დავამთავრე ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მენეჯმენტისა და ეკო­ნომიკის განხრით, რის შემდგომაც მომენიჭა ბაკალავრისა და მა­გისტრის ხარისხი.

მაქვს ოცწლიანი გამოცდილება პროფესიული მომსახურების სფეროში. კერძოდ, გახლავართ აუდიტორული და საკონ­სულტაციო კომპანია ბიდიოს პარტნორი, აუდიტის და მარწ­მუნებელი მომსახურების ხელმძღვანელი. ასევე გახლავართ ბიდიოს საერთაშორისო ურთიერ­თობების პარტნიორი.

პროფესიული კარიერის მანძილზე წარმატებით ვუძღვებოდი აუდი­­ტორულ, იურიდიულ-საგადასახადო, საშემფასებლო, საინ­ვეს­ტიციო, კორპორატიული განვითა­რების და სხვა ბიზნეს-საკონ­სულტაციო პროექტებს როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი ბიზნესის დაკვეთით.

ვარ შემდეგი პროფესიული ორგანიზაციების წევრი:

  • საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდი­ტორ­თა ფედერაციის გამგეობის წევრი
  • საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდი­ტორთა ფედერაციის ეთიკისა და დისციპლინარული კო­მიტეტის წევრი
  • ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზე­დამხედველობის ფინანსური ანგრიშგების სტანდარ­ტების კო­მიტეტის წევრი

გამგეობის წევრად არჩევის შემთხვევაში,  მიღებული ცოდნით და პროფესიული გამოცდილებით მზად ვარ ჩვენს კოლეგებთან ერთად წვლილი შევიტანო ორგანიზაციის წარმატებაში.

 

 

მზევინარ გურაბანიძე

გამგეობის წევრობის კანდიდატი

გაცნობებთ, რომ გადავწყვიტე, წარვადგინო ჩემი კანდი­დატუ­რა საქართველოს პროფეიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის წეცრის პოზიციაზე. განათლრბით ვარ ეკონომისტი, 1999-2002 წწ. დავამთვარე პროფესიული სერტი­ფი­ცირების (ACCA) სრული კურსი ქართულად და მომენიჭა პროფესიული ბუღალტრის სტატუსი. 2003 წლიდან ვარ აუდიტორი, 2003-2012 წლებში ვმუშაობდი დამოუკიდებელ აუდიტორად. 2012 წლიდან ვმუშაობ აუდიტორულ კომპანია „ალსოში“ აუდიტორად. 1999 წლიდან ვარ ფედერაციის წევრი.

მიმაჩნია, რომ ჩემი 35-წლიანი პროფესიული საქმიანობის გა­მოც­დილება საშუალებას მომცემს, გამგეობის წევრად არჩე­ვის შემთხვევაში, აქტიური მონაწილეობა მივიღო პროფესიული განათლებისა და წევრებთან დაკავშირებული საკითხების და­გეგმ­ვასა და გადაწყვეტილებების მიღებაში, წევრების აქტიუ­რობების გამოვლენასა, თუ მათი პრობლემების პროფესიულ გადაჭრაში.

 

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge